Tuesday, June 17, 2014

რეალობის შიგნითა მხარე:დროსა და მარადისობის პრობლემა მილორად პავიჩის პროზის ქრონოტოპოსში

სერბ პროზაიკოსს მილორად პავიჩს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „ევროპული პოსტმოდერნიზმის წინამძღოლს“. მსოფლიო აღიარება პავიჩს „ხაზარულმა ლექსიკონმა“ მოუტანა - მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთმა ყველაზე უცნაურმა ნაწარმოებმა. ეს წიგნი ტრადიციული ხაზოვანი თხრობის საზღვრებს სცილდება და ელექტრონულ ჰიპერტექსტს უახლოვდება. ამის გამო კრიტიკოსები პავიჩს მოიხსენიებენ, როგორც „ჰომეროსის ტოლ მთხრობელს“, მის რომანს კი „ელექტრონულ ოდისეას“ უწოდებენ. თუმცა, 1997 წელს ვ. რუდნევი წერდა: „რაღაც მხრივ, „ხაზარული ლექსიკონი“ პოსტრმოდერნიზმის კვიტესენციას წარმოადგენს, რაღაც მხრივ კი - მის უარყოფას“ (9,345). უდაოდ, რთულია პავიჩის ტექსტების მისტიციზმში, მისი ნაწარმოების მეტაფიზიკურად რთულ სტრუქტურაში გარკვევა. ჯერ კიდევ 90-იან წლებში თვით პავიჩი ამბობდა: „თუ ღრმად ჩაიხედავთ საკუთარ თავში, აღმოაჩენთ ბევრ ისეთ რამეს, რასაც ვერასდროს შეამჩნევთ, თუ ირგვლივ მიმოიხედავთ“  (2,245). მაშინ მწერალი გულწრფელად საუბრობდა მის შემოქმედებაში ფოლკლორული ტრადიციის არსებობაზე, ბაროკოს ეპოქის რუსულ და სერბულ თქმულებებზე, ბიზანტიური იგავების განსაკუთრებულ როლზე, მისთვის მნიშვნელოვან ეზოთერიკულ ტექსტებზე. 

აქვე გვინდა ავღნიშნოთ, რომ პავიჩის ტექსტების მისტიკური სპონტანურობა მოჩვენებითია, ჩვენს წინაშეა  რთული პროზა, ნამდვილი თავსატეხი, რომლის ამოცნობისთვის საჭიროა სწორი გასაღების ქონა.
ამგვარად, ჩვენ გვსურს შევეხოთ ერთ პრინციპულად მნიშვნელოვან საკითხს, რომლის სწორი გააზრება პავიჩის პროზის გაგების გასაღებს წარმოადგენს. ეს არის დროისა და მარადისობის პრობლემა მილორად პავიჩის პროზის ქრონოტიპში, პოსტმოდერნისტული ტექსტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა.
დავიწყებთ მწერლის არც ისე კარგად ცნობილი მოთხრობით : «Корчма "У семи сосков"».  მთხრობელი მოგვითხრობს მალონიშეჩების შტოს შესახებ - ვინ როდის დაიბადა, სწავლობდა, გარდაიცვალა. მთხრობელი არ ცდილობს როგორმე გაართოს ან დააინტერესოს მკითხველი, კეთილსინდისიერად და მოსაწყენად მოგვითხრობს სხვებისთვის ნაკლებად საინტერესო ოჯახის ისტორიას. მოთხრობის ერთადერთი მხატვრული მომენტია მცირე მინიშნება „ცუდ სისხლზე“ ამ მოდგმაში, რომელიც თაობიდან თაობაში გადადის, თითქოს მალონიშიჩები იცვლიან სხეულებს, გადადიან ერთიდან მეორეში, როგორც კი სხეული იცრიცება. კლანის წევრების კარგი მეხსიერება გამომდინარეობს არა ნივთების, ენების, სახეებისა და საუბრების კარგი დამახსოვების უნარიდან, არამედ შესაძლებლობიდან გაიგონ ყველაფერი მათი წინაცხოვრებისეული გამოცდილებიდან, ისევ იმავე „მემკვიდრეობითი ჯადოსგან“. „ცუდი სისიხლი“ (და თუნდაც პროტაგონისტი მეძავის არსებობა) არ აჩვენებს მკითხველს სექსს „ბიზანტიელ ლამაზმანთან“, გმირის ოდისეა არ აჩვენებს XI საუკუნის ბატალურ სადო-მაზოხისტურ სცენებს, იმდროინდელ საუკეთესო ფილოსოფოსებთან სწავლა არ ჩაითრევს მას „სიცარიელეში“, „კორმჩა“ არ შესთავაზებს არც ცისფერს, არც ღორის ქონს... მაგრამ ზუსტად „კორმჩა“ არის იგავი სამყაროზე და ადამიანზე, მარტივი ფორმითა და ღრმა აზრით, როგორც შეეფერება იგავს.

მაშ როგორია, პროტაგონისტის აზრით, ეს სამყარო, რაშია ჭეშმარიტება და რა არის ადამიანის როლი? ვერც ერთ კითხვას ვუპასუხებთ, თუ არ მივაქცევთ ყურადღებას ვინ და რას ასწავლიდა მალონიშიჩ-უმცროსს, ნოველის მთავარ გმირს. მას ასწავლიდა იოანე იტალოსი, სახელი რომელიც ბევრ მკითხველს არაფერს ეუბნება. მაგრამ თუ მოვათავსებთ პავიჩის ტექსტს XI საუკუნის ბიზანტიის სულიერი არეულობის ისტორიის რეალურ კონტექსტში, დავინახავთ, რომ იოანე იტალი იყო ცნობილი ბიზანტიელი ფილოსოფოსი, არისტოტელიზმის მიმდევარი, თავისი ერეტიკული მსოფლმხედველობისთვის ანათემას იყო გადაცემული და ეს ანათემა შესულია ლიტურგიულ ჩინში?\ «Синодик в неделю Православия», რომელიც აღევლინდება დიდი მარხვის პირველ კვირა დღეს. იტალის ანათემის ტექსთში შესულია ასევე მღვდელ ბოგომილის ? ერეტიკოსობის ანათემა, რომელიც ცნობილი დუალისტურ-რელიგიური ბოგომილების მიმდინარეობის ავტორი იყო (1, 145). 
ამ შემთხვევაში, მალონიშჩების მოდგმის ისტორია წარსდგება ბოგომილის ცხოვრების თხრობად, რომლის სული საუკუნეებში მოგზაურობს, შთამომავლებში სახლდება და წინასწარ განსაზღვრავს მათ ბედს. პავიჩის მიერ მოთხრობილი იტალოსის აზრები არის ერთგვარი წინასწარმეტყველება-ახსნა,  თუ რა მოუვიდა სინამდვილეში ამ „ცუდი სისხლის“ მქონე ოჯახს. აღსანიშნავია ისიც, რომ მალონიშჩ-უმცროსის ერთ-ერთი მასწავლებელი, პრესვიტერი კოზმა ძალიან გავს პატრიარქ კოზმა ატიკელს, რომელსაც XII საუკუნეში ბოგომილების დახმარებისა და მათი ერეტიკოსობის მახრდაჭერაში დაადანაშაულეს.


როგორც კოზმა ამბობდა, „ნებისმიერი სული, სანამ დაბერდება, იცვლის რამდენიმე სხეულს, გადადის ერთიდან მეორეში, როგორც კი სხეული გაიცრიცება“. იტალოსის მიხედვით კი, ადამიანი არის ფორმა, რომელიც იმყოფება ჩვენში დაბადებიდან სიკვდილამდე. ეს არის რაღაც არსებული, რაც იცვლის თავის მატერიალურ „გარეგნობას“. ან, როგორც პავიჩი ამბობს, ადამიანი განსაზღვრავს თავის ადგილს სამყაროში და საკუთარ თავში, საიდანაც ის გამოვა და სადაც- დაბრუნდება.
აქ უნდა დავუბრუნდეთ თვით ბოგომილების ერეტიკოსობას, რადგან შეუძლებელია მილორად პავიჩის დროის/მარადისობისა და ტექსტის კონცეფციის გაგება ბოგომილური მიკროკოსმის სისტემის გააზრების გარეშე. როგორც უკვე ავღნიშნეთ, დასახელება „ბოგომილები“ მღვდელ ბოგომილის სახელს უკავშირდება, რომელმაც პირველად გაახმოვანა ერეტიკოსული აზრები ბულგარეთში მეფე პეტრეს დროს (927-968). მცირე გამოკვლევებში ბოგომილების მიმდინარეობა აღწერილია, როგორც  ნეომანიქეველებისა და პავლიკანების იდეების მემდვიდრეები, ბოგომილებიდან კი გამოყოფენ მათ პირდაპირ მიმდევრებს - ბოსნიისა და სერბეთის კატარებს და პატარენებს (ფართოდ ცნობილი იყო ბოგომილური სექტა Sclavonia დალმაციაში, ახლანდელ ხორვატიაში. თურქ-ოსმალების მიერ ამ ტერიოტრიის დაპყრობამდე, ადგილობრივი არისტოკარტიაც იყო ბოგომილ-პატარენების სწავლების მიმდევარი). ბოგომილების წერილობითმა წყაროება თითმის ვერ მოაღწია ჩვენამდე (ყველაზე ცნობილი, ლათინურ ვერსიაში შენახული ბოგომილ-კატარების  „საიდუმლო წიგნი“ - კარკასონიის და ვიენის სია).
ბოგომილების სწავლება ამბობს: როგორც ღმერთს, ასევე სატანას, ღვთის ნებით ჰქონდა შექმნის ძალა. ბოგომილებს სწამდა, რომ ერთ-ერთი მთავარანგელოზის, სატანაილის დიდება „იყო ისეთი <...>, რომ მას შეეძლო ზეციური სათნოებების მართვა <...> სატანა იყო ყველაფრის შემქმნელი და მამას ბაძავდა <...> მამამჩემმა გარდაქმნა ის ამპარტავნობისთვის: მას წაართვეს ნათელი, მისი სახე გახურებულ რკინას დაემსგავსა და ყველაფრით დაემსგავსა ადამიანურს.  თავისი კუდით სატანამ წაათრია ღვთის ანგელოზების მესამედი“. გარკვეულ დროს სატანაილი აჯანყდა. ის, თანამონაწილე ანგელოზებთან ერთად,  ჩამოგდებული იქნა ციდან, ამის შემდეგ სატანაილმა შექმნა დედამიწა და ადამიანი თიხისგან: „შემდეგ მოუფიქრდა მას მისი მსგავსი ადამიანის შექმა, რომ ემსახუროს მას“. შემდეგ სატანა აიძულებს ორ დაცემულ აგელოზს შევიდნენ თიხის სხეულებში. ქრისტე, „საიდუმლო წიგნში“, უხსნის იოანეს, რითი განსხვავდებოდა ღვთის მონაწილეობა და სატანას მონაწილეობა ადამიანის შექმნაში: „მისმინე, ძვირფასო იაოანე: ხალხი ამბობს, რომ მამჩემმა თვალთმაქცურად შექმან ადამიანი თიხისგან; მაგრამ მან შექმნა ყველა ღვთიური ძალა წმინდა სულისგან, ესენი კი (ორი ანგელოზი) მათი დანაშაულის გამო იყვნენ თიხის სხეულებით მოვლენილი და მათ მოკვდავები ქვია“. „და ისევ მე, იოანე, ვკითხე ღმერთს: „როგორ იწყებს ადამიანი თავის არსებობას სულისგან, როდესაც იმყოფება ხორციელ სხეულში?“ და მითხრა ღმერთმა: “დაცემული ანგელოზებისგან სახიერდებიან ქალის სხეულში და ხორცს ისხამენ ხორცის სურვილისგან, და იბადება სული სულისგან და ხორცი ხორცისგან; ასე ხდება სატანის ძალაუფლება ამ სამყაროში“. მოგვიანებით სატანიილი კარგავს შემქმნელის ძალას, მაგრამ ჯერ კიდევ ფლობს მატერიალურ სამყაროს. სატანიილმა დაკარგა თავისი ღვთიური სახელი (სუფიქსი-ილ) და ამგვარდა გახდა ცნობილი, როგორც სატანა. ადამიანების გადასარჩენად ღმერთმა გამოაგზავნა თავისი შვილი, იესო, რომელიც მარიამის მეშვეობით განკაცდა. იესო შევიდა მარიამის ერთ ყურში და მეორედან გამოვიდა: „ჩასული სმენიდან შევიდა და სმენით გამოვიდა“, ასე მას არ მიუღია ნამდვილი, მატერიალური სხეული, არ იყო განკაცებული ორთოდოქსული გაგებით. მისი ადამიანური ფორმა არის ილუზია, მოჩვენება. მაგრამ მაინც, მიზეზი მისი გაჩენის ადამიანთა შორის  არის მათი გადარჩენა. ბოგომილების ინტერპრეტაციაში მარიამი ანგელოზია, რომელიც ღმერთმა დედამიწაზე გააგზავნა ქრისტეს მოსავლენად. ამგვარად, ბოგომილები თვლიდნენ, რომ ვინმე მარიამის თაყვანისცემა, როგორც ღვთისმშობლისა მცდარია, ისევე, როგორც ჯვრის თაყვანისცემა.

ბოგომილებმა ისტორიას წარუდგინეს ტიპური დუალისტური ანტისისტემა, რომლის საფუძველშ დევს მატერიალური სამყაროს უარყოფა (სამყარო და ადამიანი შექმნილია სატანის მიერ და ბოროტების ქმნილებას წარმოადგენენ, ადამიანმა ასევე ხელი მოაწერა რაღაც დოკუმენტს და არის სატანის მსახური და არა ღმერთის.) აქედან მომდინარეობს ბოგომილების მკაცრი ასკეტიზმი, თვითმკლელობის მიღება შიმშილით; ქორწინების აკრძალვა და ეკლესიის, რიტუალების, ხატების უარყოფა, როგორც ცოდვილი მატერიალური სამყაროს გამოვლენებისა. მიუხედავად ამისა, ბოგომილების აპოკალიპსი არ არის პესიმისტური, რადგან ცხოვრება და მატერია არის არაფერი, მაგრამ სული, ბევრი გარდაქმის შემდეგ, გადარჩება. ღმერთი თიხის სხეულებში მყოფ ანგელოზებს გადარჩენის საშუალებას აძლევს. საშიანელ სამსჯავროზე ღმერთი „გამოყოფს ერთს მეორესგან, როგორც მწყმსი, და რჩეულებს მარჯვნივ დააყენებს და იტყვის: „მოდით, მამაჩემის დალოცვილები, დაემკვიდრეთ სასუფეველში, რომელიც თქვენთვისაა განკუთვნილი სამყაროს გაჩენიდან“. და მერე ეტყვის მათ, ვინც მის მარჯვნივაა: „წადით ჩემგან, წყეულებო, მარადიულ ცეცხლში, რომელიც განკუთვნილია სატანისთვის და მისი ანგელოზებისთვის“. და მამას ბრძანებით წავლენ ესენი მარადიული ტანჯვისაკენ და მართლები მარადიული სიცოცხლისაკენ...“ (7,130)

ბოგომილების ოპტიმიზმი - ისტორიული ასკეტიზმის მქონე ოპტიმიზიმია, რომელიც მისი გამოხატვის აბსოლუტურ სიმაღლემდე - თვითმკვლელობამდე - მიდის. იმიტომ რომ ადამიანის არსებობის მატერიალურობა არის ახლანდელ დროში, წარსულში კი ნამდვილი, ჭეშმარიტი, ანგელოზური მდგომარეობისგან განშორება. ბოგომილის ცხოვრების გზა დაჟინებული მცდელობაა ჭეშმარიტებასთან და სიკეთესთან დაბრუნებისა, რის განხორციელება შეუძლებელია დედამიწაზე.
ჩვენ საკმაოდ ვრცლად განვიხილეთ ბოგომილების სწავლების ძირითადი პრინციპები, რომელიც დაგვჭირდება პავიჩს ტექსტების გასაგებად. როგორც უკვე ვნახეთ, სულის, ან ანგელოზის მოძრაობა წრეზე ხდება, ღმერთისგან ღმერთამდე: ანგელოზი თავისუფალი იყო - სხეულმა ტყვედ აიყვანა სული - სული განთავისუფლდა სხეულისგან. როგორც პავიჩის ერთ-ერთი მოთხრობის- „კირის სამოთხის“- გმირი ამბობს: „მე მივხვდი, საით მიდის ჩემი გზა. მას მივყავარ წარსულში“. წარსული არის გზა საწყისთან დაბრუნებისა; ჭეშმარიტ, ღვთიურ საწყისთან.

პავიჩის გმირები ჩაბმულები არიან ამ წრეში: „შენი ჩანგალი...ყოველთვის კი არ ჰქონდა ოთხი კბილი, როგორც ახლა, არამედ, როგორც ყველა ქმნილებას, ორი მხარე ჰქონდა... მოგვიანებით, ასეთი ორი ორკბილიანი ჩანგლის შეერთებით გამოვიდა ოთხკბილიანი. ყველა მის კბილს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ხედავ პირველ კბილს, ის ქმნის, უქმნელი, ეს მამის პრინციპი ან სიმბოლოა. მეორე კბილი მას ეკუთვნის, ვინც ქმნის, მაგრამ თვითონაც შექმნილია. ეს სიტყვაა. მესამე კბილი შექმნილი, მაგრამ თვითონ არაფერს ქმნის, როგორც შენ, შვილო. მეოთხე კბილი ეკუთვნის იმას, ვინც არ არის შექმნილი (როგორც პირველი) და არც თვითონ ქმნის. ეს პირველი კბილი ისვენებს, რადგან ის ვისაც შექმნა შეუძლია, შეუძლია არც შექმნას. ის ისევ მამას ეკუთვნის, როგორც გზის დასასრულს, რომელიც მთავრდება იქ, სადაც დაიწყო“ („ლოგინი სამისთვის“). ფილოსოფიის ისტორიის მკვლევარი ერნესტ ტრელჩი უძველეს, კერძოდ ანტიკურ, გნოსტიკურ მიკროკოსმზე წერს: „ეს არის სწავლება მარადიული დაბრუნებისა“. ეს მსოფლმხედველობა ეფუძნებოდაუდროო მეტაფიზიკურ უცვლელ კანონებს“, უდროო არსებების ლოგიკურ დაკვირვებასა და მისი განვითარებას აზრი ჰქონდამყარი მონტაჟის განხორციელებისათვის“ (11, 18).  აქ აუცილებად უნდა აღვნიშნოთ ტიორლიჩის განცახდების მეტაფიზიკურობა. თითქოს ამის დასტურად . სვეტლოვი წერს: „...ნებისმიერი მითოლოგიური სურათი, თუნდაც ისეთი დამუშავებული, როგორც სიკეთისა და ბოროტების ბრძოლა მანიქეისტურ ტექსტებში, მიზნად ისახავს პირველ რიგში გარკვეულ წრეში განცდის შეტანას და არა ინფორმატიულობას. თუ არ დავეთანხმებით ამ დებულებას, მთელი გვიანანტიკური რელიგიური კულტურა, რომელმაც დატოვა კოსმოგენური აპოკალიფსების ასეთი დიდი რაოდენობა, ჩვენთვის დახურული დარჩება. როგორ შეიძლება გავიგოთ კულტურა, სადაც ყველა მეორე მორწმუნე მზადაა მოყვეს ბოროტების გაჩენის მისებური ვერსია?“ (10, 239)




რაზე არის დაფუძნებული „სწავლება მარადიულ დაბრუნებაზე“? ზუსტად იმაზე, რომ ისტორია არის ჭეშმარიტად არსებული მარადისობის ანარეკლების უსასრულო გროვა. კულტურა, ამ თვალსაზრისით, არის მარადიული იდეების  ჯამის ანარეკლი, ფენომენი რომელსაც აქვს უდროო და მსოფლიო აზრი. როგორც აღნიშნავს იგივე ტერლიჩი: „სწავლება მარადიულ დაბრუნებაზე მთლიანად უკარგავს აზრს ისტორიას, გარდაქმნის მას არსებულის უსასრულო და უაზრო ანარეკლების გროვად“.  ასეთი ისტორიისა და კულტურის განვითარება არ არის სწორხაზოვანი, ის ჩაკეტილ წრეზე მოძრაობს და, ჩვენი აზრით, წარმოადგენს არა განვითრებას, არამედ გამეორებას, უკვე მომხდარის მარადიულ ანარეკლს, თუმცა იდეალთან მიახლოვების მიზნით. ამაშია „განვითარების“ არსი.

ასეთი მოძრაობა წრეზე შესაძლებელია მხოლოდ მიკროკოსმის ერთობის აღიარების შემთხვევაში. პავიჩი წერს: „ერთიანობიდან  ჩნდება მრავალფეროვნება, რადგან სული (როგორც ჩვენი კუჭი), რომელსაც არ შეუძლია აღიქვას ერთიანობის დიდებული შინაარსი, ანაწილებს მას, ღეჭავს და ერთიანობას აქცევს მრავალფეროვნებად, რომ შეძლოს მისი ნაწილების დატაცება.“ („ლოგინი სამისთვის“). პავიჩის ეს აზრი თითქმის იმეორებს სიტყვებს, რომელსაც ჰერმეს ტრისმეგისტუსს მიაწერენ: „არსებულისგან პირველი არის მარადიული შეუქმნელი ღმერთი - სამყაროს შემქმნელი. მეორე პირველის მიერ არის შექმნილი თავის ხატად; ეს სამყარო, რომელიც მან შექმნა, რომელსაც იცავს და კვებავს: სამყარო წარმოიშვა მამისგან და ამიტომ ის მარად ცოცხალია. უკვდავება მარადისობისგან განსხვავდება. ღმერთი არ იყო ვინმე სხვის მიერ შობილი <...> ის საკუთარ თავს შობს მარადიულად. მამა, საკუთარი თავისგან შობილი, მარადიულია და სამყარო, მამისგან შობილი არის უკვდავი. <...> მამამ სხეული სამყაროდ აქცია, მისცა მას მოცულობა, ბურთის ფორმა, მისცა მას თვისებები  და აქცია უკვდავად და მარადიულად მატერიალურად <...> მან მოაქცია სამყაროს სხეული უკვდავებაში, რადგან ეშინოდა, მატერია, გაფანტვის სურვილში არ დაბრუნებულიყო პირველყოფილ ქაოსთან, რამეთუ ეს მდგომარეობა მისთვის დამახასიათებელია <...> აქაც, დედამიწაზე, მან შეინარჩუნა ეს თვისება შეკუმშვისა და გაფართოებისა, ის, რასაც ადამიანები „სიკვდილს“ უძახიან <...> რაც ეხება მიწიერი სხეულების დაბრუნებას მათ პირველად მდგომარეობაში, ის გამოიხატება მათ ჩაშლაში დაუყოფელ სხეულებად, ანუ უკვდავების სხეულებად და ამგვარად ხდება დანაკლისი, აზრი წყდება, მაგრამ სხეული არ ნადგურდება“ (4, 42, 430).

იმავე თემაზე საუბრობს პავიჩის ლეანდრე: „თუ ჩვენ გავიაზრებთ, რომ მარადისობა მოევლინება, როგორც ღვთის დალოცვა, როგორც ნათელის ერთ-ერთი გამოვლენა, <...> და დრო მოდის სატანისგან, რომელიც ტაძრის მარცხვნივ დგას, ნათელი გახდება ის, რომ გარკვეულ ადგილას უნდა იყოს  მარადისობისა და დროს „ოქროს კვეთა“ <...> სამყაროს ამ ნაწილში დრო ჩერდება და ამით ჩვენი ცხოვრება შესაძლებელი ხდება“. („ქარის შიგნითა მხარე“). თითქმის ზედმიწევნით არის წარმოდგენილი ჰერმეს ტრისმეგისტუსის სისტემა: არსებობს მარადისობა (ღმერთი), მაგრამ ასევე არსებობს მატერიალური სამყაროს არსებობის რაღაც ფორმა - უსასრულობა, უკვდავება. მაგრამ უფრო ნათლად აქ ჩანს ბოგომილური მიკროკოსმის არსი: მარადისობა არამატერიალურია, ეს ღვთის სამეფოა. უსასრულობას, მატერიალური სამყაროს, გააჩნია დასაწყისი - შექმნის მომენტი, მაგრამ არ აქვს დასასრული. ეს, ამასთან ერთად, ადამინიანის სამყაროცაა. ადამიანის ცხოვრების რეალური დასასრული - სიკვიდილი - ამ შემთხვევაში არის მხოლოდ უკვდავების საწყის მდგომარეობასთან დაბრუნება, მატერიის უსასრულობა წვრილი ნაწილების ერთიანობაში. სიკვდილით განთავისუფელებული სული კი ბრუნდება მისთვის ჩვეულ მარადისობის სამყაროში, ღმერთთან.
რომანის „ქარის შიგნითა მხარე“ გმირები ჰერო და ლეანდრე - შეყვარებულები ბერძნული ლეგენდიდან, ვის სიყვარულსაც ბერძნულ ვარიანტში ხელი შეუშალეს მიწიერმა მოვლენებმა, მაგრამ შეყვარებულები სიკვდილში გაერთიანდნენ. პავიჩის ჰეროსა და ლეანდრეს დრო ჰყოფს: ჰერო - XX საუკუნის თანამედროვეა, ლეანდრე - შუასაუკუნეების (ელინისტური) გმირი. მიუხედავად ამისა, ისინი სიკივდილში ერთიანდებიან, მარადისობაში. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ, პავიჩს შემთხვევით არ აურჩევია ეს წყვილი. როგორც ცნობილია, ჰერო ცხოვვრობდა სეეტში /თუ სესტოსში, ლეანდრე - აბიდოსში. ბერძნულ ლეგენდაში, ტრადიციულად, ხაზგასმულია, რომ ეს ქალაქები ჰელესპონტის ორ სხვადასხვა სანაპიროზეა განლაგებული. პავიჩისთვის კი ჰეროსა და ლეანდრეს საცხოვრებელის ადგილმდებარეობა სხვა რაღაცით არის ნიშანდობლივი.

მწერალი ცვლის მითს მარადიულ სიყვარულზე ბოგომილების რელიგიურ მითად სამყაროს შექმნისა და მასში ადამიანის ადგილის შესახებ. პავიჩს აღელვებს არა სიყვარული-ეროსის პრობლემა, არამედ სიყვარული-აღაპესი. სულიერი სიყვარული - აღაპე - აინტერესებს მწერალს, როგორც ტეოდიცეის ხშირი პრობლემა. ამიტომაც, სიკვდილის საკითხს რომანში ცენტრალური ადგილი უჭირავს.
ამგვარად, მარადისობის სივრცე - ადამიანზე პროექციაში - არის სიკვდილის სივრცე. ბოგომილების სწავლებიდან გამომავალი, პავიჩი წერს: „გრძნობა სხეულში მხოლოდ გადის, მაგრამ მასში არ მთავრდება. ბინძური და შავი გრძნობა გამოდის მიწიდან და მიხოხავს <...> მზისკენ, როგორც ნერგი, სუფთა და გამჭირვალე კი მიწაზე ეშვედა სინათლიდან“ („წმ. მარკუსის ცხენები“). „რაც შეეხება სიკვიდლს, მას შეუძლია ისრიალოს დროის ღერძზე ზემოთ და ქვემოთაც <...> დრო გამომდინარეობს სიკვდილიდან. რამეთუ სანამ იარსებებს სიკვდილი, იარსებებს დროც <,,,> სიკვდილი იმყოფება იმ მხარეში, საიდანაც მიედინება დრო. ესე იგი დრო მიედინება სიკდილის გავლით და ჩერდება სიცოცხლეში. ზუტად იმ წერტილში ერთმანეთს კვეთს მარადისობა და დრო...“ („ქარის შიგნითა მხარე“). ეს მოძრაობა, ეს დრო - მარადისობის ჩარჩოებში, მაგრამ უსასრულობის პარამეტრებშია. მარადისობის მოძრაობის ფორმა მოჩვენებითი უმოძრაობაა. ადამიანისთვის არსს სიკვდილი წარმოადგენს. მარადისობა ხომ სიმდაბლეა, სტატიკა, ყველაფერი ის, რაც გამოხატავს ცოცხალისთვის სიკვდილს. მარადისობა მდუმარებაა. ამ აბსოლუტური მდუმარების, უმოძრაობის, სიმდაბლის, ჩვეული ხორციელი ცხოვრების უარყოფის გადმოცემა პავიჩს მხოლოდ სიკვდილის მეშვეობით წარმოუდგენია.

მიღებულ დროის სისტემაში მარადისობის არეალი იქნება წარსული დრო. რამეთუ სული განეშორა ღმერთს,  მისი წარსული იყო ჭეშმარიტი, მომავალი კი ძალიან საეჭვოა. ამიტომაც ჭეშმარიტების სახე, იდეალი, ყოველთვის წარსულშია - ის არსებობდა შექმნის მომენტამდე. ამიტომაც პავიჩს გმირები სულ წარსულში იხედებიან: „მარცნივ <...> ხედავდა კარგად და შორს, და იქ, როგორც ცნობილია, შეიძლება შენი სიკვდილი დაინახო, თუ თვალები შეეჩვევა <...> სიბნელეს <...> გამოხედვა იკარგებოდა სიშორეში, ნისლიან წარსულში <...> მისი მოგონებები მასზე უფროსია <...> ის უფრო ღრმად იძირებოდა წარსულში“. (“ნაწერი ცხენის საბანზე“) თავისებურად, წარსულისკენ ადამიანი მოძრაობს მარადისობის გავლით. ამ დროს ადამიანი არის მარადიულის ანარეკლი, ექო. „ადამიანი შეიძლება აღიქმებოდეს ექოდ, იმიტომ რომ მიიჩნეოდა უკვე არსებული პერსონაჟების სახედ და ხატად“,- წერს ა. პანჩენკო ძველსლავურ ტექსტებზე დაყრდნობით (8, 70).

ტრადიციულ ქრისტიანობაში ადამიანი ღვთის სახე და ხატია, ანუ იგივე ანარეკლი ?. მაგრამ ბოგომილების ერეტიკულ სწავლებაში ეს მომენტი რთულდება იმით, რომ სამყარო შექმნილია სატანის მიერ, და არა ღმერთის მიერ, სხვაგვარად, ადამიანი სატანის სახე და ხატია, ის იმყოფება სიცრუეში, ბოროტებაში, ვერ უახლოვდება ჭეშმარიტებას. სული კი ღვთის ხატია, გადარჩენა/დაბრუნება/გათავისუფლება მისთვისაა განკუთვნილი. და ეს გადარჩენა მგომარეობს „მარადიულ დაბრუნებაში’’, წარსულში. მატერიალურის უარყოფა, სამყაროს უარყოფა, რომელიც ახასიათებს ყველა რელიგიურ ანტისისტემას, ბუნებრივად მიდის იქამდე, რომ ადამინაი მთლიანად ხვდება წარსულის ტყვეობაში. აქედან გამომდინარეობს ბოგომილებისათვის დამახასიათებელი აწმყოს უარყოფა, მათ შორის რეალური ადამიანის უგულებელყოფა.


ეს მოტივი პავიჩმაც აიტაცა: ადამიანის სული, მისი შინაგანი „მე“ მწერალთან წარსული სახის ანარეკლია, მათ შორის ნებისმიერი ადამიანის ანარეკლი, მისი ექო. მისი ჩრდილი, რამეთუ დატყვეებული სული ხეტიალობს ხორციდან ხორცში და ელის მის გათავისუფლებას: „ყველა სულს მიაქვს დროს ის მონაკვეთი, რომელიც მას უფრო მეტად უხდება: („ვარშავის კუთხე“). „შენს სიკვდილს შეუძლია შენზე ორჯერ დიდხანს იცოცხლოს“ - ამბობს პავიჩის ერთ-ერთი გმირი. ასე შესაძლებელი ხდება უკვდავი სულის გადასხლება, რადგან მას შეუძლია სიკვდილის შემდეგ განვითარდეს. ზუსტად ამიტომ სერბი სტევო ზდური არის გერმანელი ევგენა ფოსის ჩრდილი-ანარეკლი. და როდესაც სტევო პოულობს ფოსის საფლავს, მას ესმის „მისი ნაბიჯების მიწისქვეშა ექო სამარეში“ („ევგენა ფოსის სიკვდილი“). „მარილის გემოს“ გმირი ნედელკო მიხაილოვიჩი,  მთელი ცხოვრება ღიღინებდა რა ერთ სიმღერას, ბოლოს ამ სიმღერის მოტივის გაშიფრვის დროს ხვდება, რომ მას გააჩნია ნამდვილი „საიდუმლო სახელი“ - ნებოიშა მიტრიჩი. „შეიძლება, ჩვენ ყოველთვის სხვადასხვა სხეული გაქვს, იგვე ქუდის ქვეშ, იგივე სახელით. ის ჩვენ არ გვეკუთნის, მას ვცვლით, როგორც ნათელს ნათელზე. ჩვენი სიტყვები ბაგეებიდან ბაგეებში გადადის, უფრო სწორად, ჩვენს სიტყვებს ყოველთვის ვიღაცის ბაგეები იყენებენ, და სიტყვები რჩება, სხეულები კი იცვლება“,- ფიქრობს „საიდუმლო სერობის“ გმირი. ბოგომილების სისტემაში, ისევე, როგორც მილორად პავიჩთან, სიტყვა არის ღმერთი. იესო მარიამში შედის სმენიდან და სმენიდან გამოდის, ის არის სიტყვა. სიტყვა არის სხეულით შეპყრობილი სულის გამოვლენა.

რადგან პავიჩის ლოგიკის მიხედვით, სული-სიტყვა თავისუფალი ხდება ადამიანის სიკვდილის შემდეგ, ცოცხალი სული-სიტყვის გადასახლება რაღაც მხრივ სიტყვა-სიკვდილის გადასახლებას ნიშნავს. მითუმეტეს რომ, მარადისობის სივრცე აღიქმება მწერლის მიერ, როგორც სიკვდილის სივრცე. „წარმოიდგინეთ, რომ არსებობს ვინმე, ვინც იცის ყველაფერი ჩვენს შესახებ <...> ვინც იცის, როგორ შეიძლება შემოისაზღვროს ჩვენი სამყარო, ის, რასაც ზეცას ვუძახით და უსაზღვროდ ვთვლით. ვინც სხვანაირად ვერ გაგვაგებინებს თავისი არსებობსი შესახებ თუ არა სიკვდილით. <...> სიკვდილის იერარქია - ერთადერთია, რაც აერთიანებს სხვადასხვა რეალობის გადაკვეთის სისტემას ერთ, უხილავ სირვცეში, სადაც სიკვდილი, როგორც შავ სარკეში, უსასრულობამდე მეორდება...“ („ჭადრაკის პარტია მექსიკური ფიგურებით“). ამიტომაც, მეხსიერება, პავიჩის მიხედვით, არ შეიძლება იყოს პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, ის არის სხვისი სულის მიღება და მისი ამოცნობა.  მეხსიერება არის ერთგვარი „სათავსო“, პრე-ცნობიერი, მარადისობა-სიკვდილის ატრიბუტი.

„ქარის შიგნითა მხარის“ პროტაგონისტი ჰერომ სიკვდილის წინ „დაიყვირა საშინელი, ღრმა, თითქმის კაცური ხით“ - მასში ცხოვრობდა იმავე რომანის პარალელური გმირის. ლეანდრეს სული-სიკვდილი. ზუსტად ასე  პროტაგონისტი გოგო „ჭადრაკის პარტიიდან“ აცხადებს, რომ ის არის ბატონი შვარცის მოხუცი ცოლი. შეშინებულ მშობლებს, რომლებსაც ბავშვის მენტალურ დაავადებაზე აქვთ ეჭვი, უწევთ შეგუება იმის შემდეგ, რაც შვილი აჩვენებს მათ სად დამარხა წინა ცხოვრების დროს ყულაბა ფულით. ზოგ მოთხრობაში პირიქით, თხრობა სულს მიყავს, რომელიც რომელიღაცა სხეულში იმყოფება, გმირი მხოლოდ ნოველის ბოლოს ამჩნევს, რომ ის აღარ არის ის პიროვნება, რომელიც ადრე იყო, უკვე დიდი ხანია ცხოვრეობს სხვა სხეულში.

თუმცა, გარეგანი მსგავსებების მიუხედავად,  თავიდანვე უნდა განვასხვავოთ პავიჩის სიკვდილის განმარტება პოსტმოდერნისტულისგან. თანამედროვე პოსტმოდერნისტულ ესთეთიკაში მუშაობისას პავიჩი პარადოქსულად უარყოფს პოსტმოდერნს, როგროც მოსფლმხედველობას, ღრმად რჩება ისტორიაში, კონკრეტულად თავისი ხალხის წარსულში. პოსტმოდერნისთვის დამახასიათებელი ისტორიული დროს თამაში-ამოცანა, „ყოფნისა და არყოფნის თამაში’’, დერრიდას განმარტებით, სრულიად მიუღებელია პავიჩის მიკროკონცეფსიის მიმართ. ზუსტად აქ ვლინდება „დაძაბულობა თამაშსა და ისტორიას შორის“, რომელზეც გვაფრთხილებს ფილოსოფოსი (5, 367). პავიჩის ადამიანი არის ღეძი, რომელზეც ეცმევა ეპოქები. მწერლის „მისტიური პოსტმოდერნიზმი“ გამოწვეულია ისტორიის მეტაფიზიკაში, ნაციონალურ სულიერ ტრადიციაში ჩაღრმავებით, მათ ლოგიკასა და წესებს მიყვება. განსაკუთრებით კარგად ეს ჩანს სიკვდილის ფენომენის ახსნაში. პოსტმოდერნიზმში სიკვდილი წარმოდგენილია, როგორც „არაფერი“, შავი სარკე, დაცემა, „გაუჩინარებული რეალობის მწვავე მეტაფიზიკური ცდუნება“ :“თვალი აღარაა გაშლილი სივრცის გენერატორი <...>აქ არ არსებობს ჰორიზონტი, არავითარი ჰორიზანტალურობა, ეს როგორც მქრთალი სარკეა, რომელსაც ეყუდება გამოხედვა და მის უკან არაფერია“ (3, 122). ამ დროს პავიჩთან სიკვდილი მარადისობაა, იდეალურობა, ღმერთთან ყოფნის სივრცე. ამიტომაც მის გმირებს სიკვდილის შიში არ გააჩნია: ლეანდრის რუსი მასწავლებელი აიძულებს გმირს ისწალოს ლათინური აფორიზმი: „მიდი და განმათავისუფლდი ამ შიშისგან: თუ ის ჭეშმარიტია, არ დამტანჯოს, თუ კი არ არის ჭეშმარიტი, აღარ მეშინოდეს“. თუ შიში გამომდინარეობს სიცარიელიდან, არ უდნა გეშინოდეს, თუ შიში ღვთიურია, არ შეიძლება გეშინოდეს, რადგან ის მადლია. პავიჩთან სიკვდილი მარადისობაა და არა თამაში; არა სიცარიელე, არამედ უმაღლესი სამყაროს თან ყოფნა. მწერალი წერს „ბოგომილების ისტორიაში“ :“ მათ სჯეროდათ, საშინელი სამსჯავროს დღეს ყველა სარკე იბრწყინებს ზეწრების ქვეშ და ცოდვილების ანარეკლები სასჯელს ვერ გაექცევიან.“

ადამიანს შეუძლია მარადისობას სიზმრების გავლითაც შეეხოს - ეს მისი თავისებური ნახტომია უმაღლეს სფეროებში, რამეთუ სიზმარი - ფორმა დროებითი სიკვდილისა, როდესაც სულ შეუძლია თავისუფლად იფრინოს. „ ეს შინაგანი მოძრაობა სიზმაღსი გაცილებით უფრო დახვეწილია, ვიდრე გარეგანი, იმიტომ რომ უმოძრაობა იდეალურია, ის ყველაფრის პირველმიზეზია და მისი სიწყნარე მოძრაობასაც მოიცავს“ („ქარის შიგნითა მხარე“). ჰერო და ევსტახია მოთხრობიდან „კვერცი“ იწყებენ თავისი სიზმრების ჩაწერას. პავიჩის მირების სიზმრების აღრიცხვა აძლევს მათ ერთგვარ გაგებას იმისა, თუ რა ხდება მარადისობაში. სიზმრის ბუნებაზე ფიქრს ისინი მიყავს სულის ფენომენის ამოცნობამდე, „რამდენ ადამიანს ვხდები ჩემს სიზმრებში“ „სიზმრები რეინკარნაციას განიცდიან“ - ფიქრობს ჰერო. აქ იხსნება სიზმრის გრამატიკა - მარადისობის გრამატიკა: „სიტყვების ლინგვისტიკა არაორგვაროვანად მიუთითებს იმაზე, რომ არსებობს სიზმარში მიმდინარე დროს ნაწილაკი <...> ყველაფერი მაგონებს რაღაცას, რაც ჯერ კიდევ არ განმიცდია <...> რაღაც ავანსი, მოსებობს, მომავალი ცხოვრებიდან აღებული...“ („ქარის შიგნითა მხარე“). სიზმრის შესწავლა იქამდე მიდის, რომ სიზმრის დრო - ერთგვარი წარსული მომავალი, დაბრუნებული წარსული, რომელიც შენ პირადად არ განიცადე, ამიტომაც ღებულობ, როგორც მომავალს, მაგრამ მოძრაობა მიდის წინასწარ დათქმული დაბოლოეისკენ წარსულში. როგორც პავიჩის ერთ-ერთი გმირი ამბობს „ვინ იცის, ნახლდება მომავალი თუ წინასწარ არსებობს, ერთხელ და სამუდამოდ მოცემული“ („საიდუმლო სერობა“).
გამოდის, რომ მარადისობის მხარე სინამდვილეში სულაც არ არის სტატიკური, ის უჩქარესი ენერგიაა, რომელიც გაუგებარია ადამიანისთვის.  მაგრამ ეს არ არის ზმნისეული მოძრაობა, როგორც ეს ხდება მატერიალური სამყაროს რეალობაში, ეს თავისებური არსებითი სახელების, ნომინატიური მოძრაობაა, რომელიც ადამიანის აღქმის თავისებურებების გამო აღიქმება, როგორც სტატიკა. „სიზმრების ენაში ინახება ყველა არსებითი სახელი“, - ამბობს ჰერო, ; „და ზმნებს, სინამდვილისგან განსხვავებით, არ გააჩნიათ დრო“.
როგორც სიზმარს, ასევე „სიკვდილს, ნათელია, გააჩნია საოცარი სიჩქარე, როგორც მისი ერთ-ერთი უმთავრესი პრეროგატივა,“- ამბობს პავიჩი. ამ შინაგანი სამყაროს ენერგია ძლიერია და ყოვლისშემძლე. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს მარადისობის მხარე სტატიკური ჰგონია, მასში უბრალოდ არ არსებობს მოძრაობა, როგორც შეცვლის ფორმა, რადგან ჭეშმარება ერთია და უცვლელი. ჩვენთვის ასეთი მოძრაობი ყველაზე ხელმისაწვდომი გეომეტრიული აღმნიშვნელი არის წრე.

ზუსტად აქ ჩნდება ორიგინალური პავიჩისეული ცნება „შინაგანი დრო“. შინაგან დროს უდიდესი სიჩქარეები გააჩნია - სიზმრის სიჩქარე, მაგრამ მისი სიჩქარის სიდიდე ნულის ტოლია, ეს მოძრაობა ჭეშმარიტებაში, მიზანში, ჭრეში. ამიტომ ლეანდრი ყველას უმოქმედო და ზარმაცად მიაჩნია, თუმცა მასში უდიდესი სიჩქარე ინახება. პავიჩის პროტაგონისტს არ შეუძლია იარსებობს ჩვეულებრივ, მატერიალურ სამყაროში - მისი სიჩქარე მიწიერი სამყაროს სიჩქარეებს არ ემთხვევა.

პავიჩის მიხედვით, სიზმრის გარდა, არსებობს კიდევ ერთი მხარე, სადაც შესაძლებელია ადამიანის კონტაქტი მარადისობასთან. შემთხვევითი არაა, რომ სიზმარი აგებულია არსებით სახელებზე - სიტყვაზე, ამ დაკვირვების შემდეგ მწერალი მიდის ლიტერატურის, როგორც ადამიანის მარადისობის არეალში გასვლის,  განსაკუთრებული კონცეფციის შექმნამდე, რადგან ლიტერატურა ეფუძნება სიტყვას. ეროფეევი უსაყვედურებს ავიჩს, რომ სერბი პროზაიკოსის „გონის თამაში“ არღვევს მის მიერ გამოცხადებულ „ლიტერატურის წესს“ – „ხელს ნუ უშლით სიტყვებს“ (6, 46). აქ ისევ შეცვლააა: პავიჩი გულისხმობს არა პროზის ესთეტიზირებულ სიტყვას, არა სიტყვბით თამაშს, რომელიც ახასიათებს პოსტმოდერნიზმს. პავიჩი გულისხმობს სხვა ტრადიციას, რომლის მიხედვით სიტყვა არის ღვთის ერთ-ერთი სახელი, ერთ-ერთი ჰიპოსტასი. ამიტომაც სიტყვას თვითონ მიყავხარ, მას უბრალოდ ხელი არ უნდა შეუშალო.
„სიზმრიდან შეიძლება გახვიდე მხოლოს მითხრობაში,“ - ამჩნევს პავიჩის გმირი „ვახშამი რესტორანში „კითხვით ნიშანთან“, რადგან მხატვრულ ტექსტში, როგორც სიზმარში, ყველაფერი დაუყონებლივ მიდის დადსასრულისკენ. ისევ ის მოძრაობა წრეზე, „მარადიული დაბრუნება“ იმისკენ, რაც უკვე იყო: „ყველაფერი რაც აქ პირველად დამემართა, ზორან მილოშეჩს დაემართა უკვე მეორედ“ - მწერალი ამთავრებს ამ მოთხრობას გარდაცვლილ მეგობრებთან შეხვედრით.

დავუბრუნდეთ უსასრულობის ფენომენს, მხარეს, რომელსაც აქვს დასაწყისი, მაგრამ არ გააჩნია დასასრული, მატერიალური სამყაროს მხარეს, რომელსაც ადამიანიც ეკუთვნის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს არის დროს მხარე, ადამიანის ხროცის მოძრაობის მის წარსულ მატერიალურ  სასრულობის დაბრუნება უსასრულობაში. მოძრაობა წრეზე, მაგრამ მოძრაობა, რომელსაც გარკვეული დრო სჭირდება. თუ ამ მოძრაობის დროის საზღვრების დადგენას შევეცდებით, მაშინ ეს სასრული ფორმების მოძრაობა უსასრულობაში უნდა მოითავსოს აწმყო დროში. პავიჩის თანახმად, აწმყოს წარსულისადმი დაქვემდებარება ახასიათებს. პავიჩის ტექსტების ქრონოტოპი ბოგომილების ტექსტების ანალოგია: წარსული, როგორც ჭეშმარიტი დრო, დომინანტია მომავლის და აწმყოს, ამიტომაც ტექსტის სივრცე ფენებად იყოფა, მასში ერთდროულად რეალიზდება რამოდენიმე სივრცობრივი საფეხური, და არც ერთს არ გააჩნია რეალობის სტატუსი. პავიჩის გმირები წარსულს ეკუთვნიან: ის განსზღვრავს მათ ქმედებებს და ბედს, ისინი ჭადრაკის ფიგურები, რომლითაც თამაშდება წინასწარ გათვლილი ჭადრაკის ეთიუდი. მათ სიკვდილის თავისუფლებაც კი არ გააჩნიათ, ისინი ისევ და ისევ განიცდიან „პრესახის“ სიკვდილს.
ამ შემთხვევაში ნიშანდობლივია ნოველა „წმინდა მარკის ცხენები, ან რომანი ტროაზე“. ნოველის გმირი - ჩვენი თანამედროვე - ერთდროულად იმყოფება ამ სამყაროში და ტროაში. მაგრამ რომელში? საქმე იმაშია, რომ ტროა, Tragurium/Treu/Trau, იყო დალმაციაში. ამ ქალაქში მდებარეობდა ერთ-ერთი უმსხვილესი „აბსოლუტური ბოგომილების“ საზოგადოება - დრაგოვიჩები. დრაგოვიჩების ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდა ტელი სამხრეთი მაკედონია და ტრაკია (7. 243). მეთერთმეთე საუკუნეში სამხრეთ ტრაკიაში მოღვაწეობდა ბოგომილების ერთ-ერთი ცნობილი მასწავლებელი მარკო მესოპოტამიელი. შესაძლებელია, მისი ცხენები არიან პავიჩის მოთხრობაშ.  თუმცა, შესაძლოა ეს იყოს სხვა ბოგომილური მქადაგებლის მარკოს ცხენები, მეთორმეტე საუკუნის ლომბარდიის კასტორების ლიდერი.

მაგრამ, დავუბრუნდეთ მოთხრობას. პროტაგონისტის ძმას ოდენ პრიამუჟევიჩი ქვია. შესაძლოა ის ტროელი პრიამოსის ახალი განსახიერებაა. ირევა ხალხები და დროები. სახელები პავიჩთან დუბლირდება, წარსულიდან ნასესხებია, ბოგომიბის მიკროკოსმში ხომ არ არსებობენ საკუთარი სახელები, ყველა მათგანი ექოა, ანარეკლი წარსულისა. მაგალითად „კვერცხის“ გმირის სახელი ევსტაქია, სავარაუდოდ მოდის სახელიდან ევსტატი, ასე ერქვა მასალიანების ერესის ერთ-ერთ დამფუძნებელს (რამაც ბიძგი მისცა ბოგომილების სწავლების განვითარებას). ევსტატი ქადაგებდა მეექვსე საუკუნეში, პათლაგონიაში, შემდეგ სირიაში. მერვე საუკუნეში მისმა სწავლებამ ბულგარეთამდე მოაღწია, იმისთვის, რომ ბოგომილების სწავლებაში გადაიზარდოს. სხვათაშორის, ევსტატი აღიარებდა ქალისა და კაცის თანასწორობას, იმას, რომ ქალსაც შეუძლია იყოს მღვდელი და მქადაგებელი. ამიტომაც პავიჩმა უბოძა თავის ქალ გმირს მისი სახელი, რომ ევსტაქიას თავიდან გაევლო მარადისობის შეცნობის გზა და დაეტოვებინა აწმყო, წარსული მომავლის რწმენით, სიზმრის სამყაროში, მარადისობაში...

ნიშანდობლივია ასევე მოთხრობა „ლოგინი სამისთვის“ გმირის სახელი, ანჯელარა - ანგელოზი. და ანგელოზთან ახლოს უნდა იყოს ბოგომილების უმაღლესი მღვდლები, რომლებმაც წმინდა სული მიიღეს ცხოვრებაშივე, ვინც აპოსტოლურ ცხოვრებას ეწეოდა და ბოგომილთა შორის წმინდანად იყო მიღებული. ცოდვაზე განწირული ჩვეულებრი მორწმუნეებისგან განსხვავებით, ისინი მიწერ არსებობაში აღწევდნენ უცოდვილობას. ისინი ჩუქნიდნენ ნამდვილ „წმინდა ნათლობას“ თავზე ხელის დადებით.

მილორად პავიჩის გმირები სინამდვილის რეალობაში განიცდიან არაერთხელ გამეორებულ სიუჟეტს, თვით მწერალი იმეორებს სიუჟეტებს და მხოლოდ სახელებს ცვლის. ამაში, რა თქმა უნდა, შეიძლება დავინახოთ პოსტმოდერნისტული თამაში, მაგრამ ჩვენ აქ ვხედავთ ბოგომილები მიკროკოსმის ანარეკლს - ეს მათი თამაშია. აქ ვერ ვიპოვით პოსტმოდერნისტულ დროების გათანაბრებას, აქ, სიმართლე რომ ვთქვათ, საერთოდ არ არის დროების მრავალფეროვნება - წარსულის ძალაუფლება მომავლის არარსებობის დროს. თავისუფლებისკენ სულ მიილტვის რაღაც ერთი სეპყრობილი სული, რომელიც იცვლის ხორციელ ჩარჩოს. მწერალი კი ყოველთვის ცდილობს გაწეროს მისი მოძრაობა, მოძებნოს უფრო შესატყვისი სიტყვა. ან, როგორც პავიჩის ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს: „ჩვენ ნასესვებ დროში ვცხოვრობთ“ („კარამუსტაფას ვაჟები“). ასე, „ვარშავის კუთხის“ გმირი უცხო ქვეყანაში პოულობს მშობლიური სახლის ანარეკლს „სამზარეულოს ონკანიც კი იყო იქ, სადაც მამაჩემის სახლში. ერთადერთი განსხვავება იმაშია, რომ მშობლების სახლში ყველაფერი მარჯვნივ იყო, აქ კი, პირიქით, მარცხნივ.“ - ყველაფერი სარკისეულ ანარეკლს წარმოადგენს. ბოგომილური მიკროკოსმი აწმყო დროს მხოლოდ წარსულის გადათამაშებად აქცევს. ეს ერთგვარი არაპიროვნული დრო, არაისტორიული - „არა“ აქ ნათლად გამოხატავს ბოგომილების ანტისისტემის უარყოფიტ ენერგიას. არაპიროვნული - რადგან პიროვნება არ არსებობს, არსებობს ექო, ანარეკლი. არაისტორიული  - იმიტომ რომ ფატალურია, ობიექტურად მოძრაობს დაგეგმილ დასასრულამდე, ისტორიზმი კი აქ არ არსებობს. დეკორაციები იცვლება, მაგრამ მოვლენები იგივე რჩება და აქ პავიჩი ამბოხდება. ბოგომილებთან, წარსულის დიქტატის გათვალისწინებით, აწმყო დრო არის მხოლოდ ცნობილი სიუჟეტის გადამღერება უკანა მიმართულებით. პავიჩი კეთილსინდისიერად მიჰყვება ასეთ დროს და ზუსტად ასახავ სმას. მაგრამ ბოგომილენის მითის სტრუქტურა ემოციურად ვერ აკმაყოფილემს მწერალს. ბოგომილური მითის უცნაური დროის სტრუქტურა აიძულებს მწერალს უფრო კარგად ჩაიხედოს მის თითოულ დეტალში.

სიჩქარეს უნდა ჰქონდეს მიმართულება - მოძრაობის ვექტორი. და ფუნდამენტი ფეთქდება, როგორც კი პავიჩს ეს ვექტორი, მოძრაობის მიმართულება შემოაქვს. დავუშვათ, მოძრაობა წრეზე ხდება, მაგრამ ახლა, პავიჩთან მას აქვს მიმართულება. თუ არსებობდა დასაწყისი, მაშინ დასაწყისიდან მოძრაობის ვექტორი შეიძლება აღქმული იყოს პლუსად; წრეზე ბრუნვის გარკვეულ მომენტში კი ის თეორიულად შეიძლება აღქმულ იყოს, როგორც უკან მოძრაობა, დასაწყისისკენ და ამ დროიდან ეს მოძრაოა იქნება უარყოფითი, მინუსიანი. თუმცა, ეს ხდება ისევ იმ წრეში. პლუსისა და მინუსუს არსებობის აღიარება ბადებს მათ განსაკუთრებულ ურთიერთობას; პლუსმა შეიძლება სძლოს მინუსი, მინუსმა მოუგოს პლუს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მწერალს ტექსტში შემოქვს მოძრაობის სუბიექტი.

ზუსტად ასეთ თამაშზა აგებული მოთხრობა „წითელი კალენდარი“. გმირს უჩნდება უცნაური გრძნობა, რომ 1917 წლის ოქტომბრის დილით ორმა დღემ, ოთხშაბათმა და ხუთშაბათმა, ადგილები გაცვალეს. 25 ოქტომბერს, ოთხშაბათს, პროტაგონისტმა წაიკითხა ლენინის ბროშურა დროებითი მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ - ამ დროს ის აჯანყებულ ჯარისკაცებთან ერათად, ალყას ურტყამდა ზამთრის სასახლეს და დროებით მთავრობას. სასახლის შტურმი დაიწყო ერთ დღეში, 26 ოქტომბერს. და უკვე შტურმის შემდგომ გმირმა იყიდა 26 ოქტომბრის გაზეთი „დროებითი მთავრობის მოამბე“, სადაც გამოქვეყნებული იყო უკვე გადამდგარი მთავრობის დეკრეტი. აბსურდი არ აიხსნება რევოლუციის ქაოსით. პავიჩი თავის განმარტებას გვთავაზობს: „დროებითმა მთავრობამ ერთი დღით დააგვიანა დეკრეტით, ლენინმა კი თავის ბროშურაში ერთი დღით იჩქარა.“ სამთავრობო 26 უნდა ყოფილიყო 25 და ლენინის 25 კი - რეალური 26. „მისი ოთხშაბათი ხუთშაბათი გახდა ხუთშაბათზე ადრე... ასე გაჩნდა ზედმეტი 24 საათი... წითელი კალენდარი გაშვეული იყო“. ვეცდებით ჩვენს კონტექსტში მოვახდინოთ ამ ისტორიული კაზუსის პროექცირება.

მომავალი დრო პავიჩთან განიხილება არა როგოც უბრალო სიკვდილი მარადისობაში, წარსულის დიქტატურა; მომავალს შეუძლია აქტიური იყოს და ადამიანი ახლა არ არის უბრალოდ ექო, ის იძენს პიროვნული საწყისის საშუალებას,. „არსებობს ცოდნა, რომელიც დროთა განმავლობაში ვლინდება და უცნობია ჩვენი წინაპრებისთვის“ - ამჩნევს „საიდუმლო სერობის“ გმირი. „საიდუმლო სერობის“ პერსონაჟების სახეები ემთხვევა ლეონარდოს ცნობილ ნახატს, მაგრამ პროტაგონისტი ამჩნევს, რომ ერთი სახე. იუდასი, მთლიანად არ ემთხვევა წინასახეს. ფინალში აღმოჩნდება, რომ იუდას როლს თამაშობს თვითონ პროტაგონისტი. პავიჩის გმირის კითხვა: სად ვარ მე? - არის ამ „მეს“ ძებნის დასაწყისი, პიროვნების, სახელის შეძენა.

ბოგომილების მიკროკოსმში საკუთარი სახელი შაუძლებელია არსებობდეს, რადგან ყველაფერი მატერიალური სატანის შექმნილია, სიბოროტით და სიცრუითაა დაფარული, ეს - ფსევდოარსებობაა. მაგრამ რაღაც მომენტში პავიჩი განსხვავებულად ახდენს ადამიანის განსაზღვრას: კი, ექო, ჩრდილი, მაგრამ არა უბრალო ჭურჭელი მოხეტიალე სულისთვის, არამედ ერთობა სულიერისა და მატერიალურის. მაგრამ ეს ჰარმონია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამყარო შექმნილია ღმერთის და არა სატანის მიერ. სამყარო, რომელიც ჩაფლულია სიბინძურეში, ცოდვაში, მაინც ინარჩუნებს მადლის შესაძლებლობას - იმიტომ რომ არსებობს ქრისტე, ღვთის შვილი, რომელიც განკაცდა კაცობრიობის გადასარჩენად.

პავიჩი აბრუნებს საკუთარი პროზის სამყაროში ქრისტეს განკაცების შესაძლებლობას, ამით რეალურად ხდის აღორძინების, ადამიანის გადარჩენის შესაძლებლობას, როგორც ღვთის სახეს და ხატს აქაც, დედამიწაზე. მილორად პავიჩი - ბოგომილიზმის ბრწყინვალე რეფორმატორია. ის ქედს ხრის მათი რწმენის სისუფთავის წინაშე, გატაცებულია მათი მითოლოგიით, ის ამტკიცებს მომავალი დროს შესაძლებლობას. მისი ლეანდრე - მშენებელი, დაბადებიდან ბოგომილი, აშენებს იდეალურ კოშკს ცამდე. მაგრამ ის უფუნქციოა ქალაქის დაცვისათვის, ის ძალიან მაღალია, მას უბერავს უმაღლესი ქარები, მაგრამ ვერ ამჩნევს მიწიერ ქარს. ლეანდრეს მეტოქე, აღიარებული ოსტატი სანდალი, პირიქით, აშენებს დაბალ საგუშაგო კოშკს, ის იმდენად დაბალია, რომ მის არსებობას აზრი არ აქვს. ჭეშმარიტი სიმაღლე ამათ შორის იმყოფება. ორივე კოშკი მხოლოდ აფეთქების დროს - სიკვდილის მომენტში - ამჩნევს ერთ და იგივე ქარს.

ადამიანს შეუძლია მიაღწიოს ჭეშმარიტ სიმაღლეს. პავიჩის აზრით, ადამიანი არის „დროის მშენებელი“: „განსაკუთრებული მარმარილო გვაქვს აშენებისთვის - საათები, დღეები და წლები,  სიზმარი და ღვინო კი შემაერთებელი ხსნარია“. აქ მნიშვნელოვანია აქტიური პიროვნული საწყისი. ამიტომაც ლეანდრი, დამპყრობლებისგან გაქცევისას, უარს ამბობს მის მიერ აშენებულის დანგრევაზე, პირიქით, ის შექმნას და აშენებას იწყებს. და როდესაც ის უყურებს ღვთისმშობლის ხატს, სადაც გვერდით იოანე ნათლისმცემელი უდგას და ხელით უჭირავს ჩვილი იესოს ფეხიდან ჩამოვარდნილი სანდალი, ლეანდრი ხვდება: „შეიკრა წრე, უწყვეტი ხაზი, რომელიც აერთიანებს ადამიანს, მის ხელს, ბავშვის ტერფს, ქალის მკერდსა და მის გამოხედვას ადამიანისკენ“, - და მთელი ეს მოძრაობა ხატზე გარდაისახება ასოში Θზუსტად იმ წრეში, რაც დახაზეს ლეანდრის მიერ აშენებული ღვთისმშობლის ტაძრები, თუ შეხედავ მათ ზემოდან. ზუსტად ის ასო, რომლიდანაც იწყება ღვთისმშობლის სახელი ბერძნულში - Θεοτόκος. ზუსტად ამ ჰიმნში - ჰიმნში ქალს, სამყაროს, მიწას, სიცოცხლეს - პავიჩი უარყობს ბოგომილურ ერეტიკოსულ სწავლებას.

ღვთისმშობლის სიწმინდე პრინციპულად მნიშვნელოვანია პავიჩის მიკროკოსმში, როგორცახალი სიცოხლისსითბო. ახალი წრე - ეს უკვე მართლმადიდებული შექმნის წრეა, „ცოცხალი სიცოცხლის“, და არა ბოგომილური ასკეზის წრე, სიცოცხლის განადგურების. პავიჩი არ უარყოფს ბოგომილების მითს, მაგრამ მირებისთანავე საკუთარ ინტერპრეტაციას აძლევსმარადიულ დაბრუნებას“. არა დანგრევა - არამედ შექმნა. მაშინ სული ნამდვილად წავა უსასრულობის წრეზე და დაუბრუნდება ღვთიურ საწყისს.

როგორც არ უნდა იცვლებოდეს მილორად პავიჩის ტექსტი, ის მაინც გვაგონებს ჩვენს კუთვნილობას ისტორიისადმი, მის მარადიულ, მეტაფიზიკურ წრებრუნვაში, რომლის გარეშეც ადამიანი მართლაც გარდაიქცევაარაფრად“, სიცარიელედ. ისტორიზმის პრინციპზე დაყრდნობილი პავიჩის ქრონოტოპოსს მკითხველი შეყავს ისტორიის მეტაფიზიკაში და მართლაცუცხოდგამოიყურება პოსტმოდერნიზმის სამყაროში.

როგორც   ვნახეთ, მილორად პავიჩის შემოქმედების გაგება შეუძლებელი ხდება ფილოსოფიის, ისტორიისა და რელიგიებათმცოდნეობის საბაზისო საკითხების ცოდნის გარეშე. ჩვეულებრივ მკითხველს პავიჩი სთავაზობს თავსატეხს, რომელიც მისთვის შეიძლება მოსაწყენი და მოსაბეზრებელი გახდეს. დროსა და მარადისობის პრობლემის გააზრებით ჩვენ დავინახეთ, თუ რა იმალება პავიჩისსპონტანური პროზისსომბოლოებს მიღმა, თუ რას გულისხმობს მწერალიმარადიულ გამეორებაში’’. აღსანიშნავცია ისიც, რომ პავიჩის პროზის პროტაგონისტები ხშირად მითოლოგიურ გმირებს უკავშირდებიან, ამიტომ მკითხელისთვის მნიშვნელოვანია ნაწარმოებში ჩაქსოვილი მითოლოგემების სწორი გაგება და გააზრება. ამ მხრივ, პავიჩჳს პროზა არა მხოლოდ სულიერ საზრდოს აძლევს მკითხველს, არამედ ანვითარებს მის ინტელექტს.




 გამოყენებული ლიტერატურა:
1. Ангелов Димитър. Богомильството в България. София: Наука и изкуство, 1969.
2. «Библиотека для талантливых читателей...» Беседа с Милорадом Павичем // ИЛ, 1997. № 8.
3. Бодрийяр Жан. Соблазн. М.: Ad Marginem, 2000.
4. Гермес Трисмегист и герметическая традиция Востока и Запада. М • Алетейа 1998.
5. Деррида Жак. Письмо и различие. СПб.: Академический проект, 2000.
6. Ерофеев Виктор. Энциклопедия русской души, Азбука-классика, 2001.
7. Иванов Иордан. Богомилски книги и легенди. София: Наука и изкуство, 1970.
8. Панченко Александр. О русской истории и культуре. СПб.: Азбука. 2000.
9. Руднев В. П. Словарь культуры XX века. Ключевые понятия и тексты. М.: Аграф, 1997.
10. Светлов Р. В. Мировая ересь. Послесловие // Виденгрен Гео. Мани и манихейство. СПб.: Евразия, 2001.
 11. Трёльч Эрнст. Историзм и его проблемы. М.: Юрист, 1994.