Wednesday, June 11, 2014

ქალის სამი არქეტიპი ზახერ-მაზოხის პროზაში: ჰეტერული დედა, ოიდიპოსის დედა, ორალური დედა

სადიზმისადამაზოხიზმისცნებების არსებობა უკავშირდება ფრანგი მწერლის მარკიზ დე სადისა და გერმანლი ლიტერატორის, ლეოპოლდ ფონ ზახერ-მაზოხის, სახელებს. დე სადი ცნობილია, როგორც სექსოლოგიის პილიგრიმი, თუმცა, პრემეცნიერულის. ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში მან შეკრიბა იმ დროისათვის ყველა ცნობილი ინფორმაცია სექსუალურ გადახრებზე. თავის რომანებშისოდომის 120 დღე“, „ულიეტა“, „ჟიუსტინა“, „ალინა და ვალკურიდა სხვებში დე სადმა აღწერა დამახინჯებული სექსუალური ქცევის სხვადასხვა ფორმა. ის ასევე იცავდა ადამიანის უფლებას, ჰქონოდა განუსაზღვრელი სექსუალური სიამოვნება, ყოველგვარი სინანულის გარეშე. საკუთარი ცხოვრების საკმაოდ დიდი ნაწილი მწერალმა გაატარა ციხეებში და ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში.
რაც შეეხება ლეოპოლდ ფონ ზახერ-მაზოხსმისი შემოქმედება ეკუთვნის ავსტრიის ინდუსტრალური აყვავების პერიოდს, როდესაც ინტელიგენცია, სოფლის კაპიტალისტური დაპყრობის პროტესტთან ერთად გატაცებული იყო ბურჟუაზიის სიმდიდრით. აქედან გამომდინარე, ინტელიგენციის ამ ჯგუფს სოფლის იდეალიზაციასთან ერთად გაუჩნდა ღრმად მატერიალისტური, ეპიკურული ტენდენციები; სიამოვნების წყურვილი, შეხედულება გრძნობებზე და სიყვარულზე, როგორც ადამიანის სიცოცხლის მიზანზე. ზახერ-მაზოხთან ამ უკანასკნელმა იპოვა ხელსაყრელი ნიადაგი მისი პათოლოგიური მიდრეკილებების გამო. ბავშვობიდან ლიტერატრი გატაცებული იყო სისასტიკის სცენებით. მას მოსწონდა იმ ნახატების დათვალიერება, სადაც სიკვდილით დასჯა იყო გამოსახული, საყვარელი წიგნები კი მარტვილთა ცხოვრება იყო. (Литературная энциклопедия, 4).
მიუხედავად იმისა, რომ ლეოპოლდ ფონ ზახერ-მაზოხი ლიტერატურის ისტორიაში შევიდა არა არტო, როგორცმაზოხიზმისგამომხატველი, არამედ როგორცგალიციის ნაციონალური პოეტი“, წერის შესანიშნავი მანერის გამო, ჩვენ ამ კონკრეტულ შემთვევაში გვაინტერესებს მისი შეხედულება სიყვარულზე, ქალის როლზე ამ პროცესში. ერთი შეხედვით, მაზოხის სიყავრულის ბედნიერების კონცეფცია მდგომარეობს იმაში, რომ ძლიერი ქალი ტანჯავს სუსტ მამაკაცეს. ეს თემა გასდევს ყველა მის ნაწარმოებს, ნაკლები დოზით -ადრეულში და უფრო ღიად - გვიანდელში; საბოლოოდ ის იღებს სპეციფიურ-პათოლოგიურ ხასიათს, რომელიც დება ლიტერატურის საზღვრებს (მოგვიანებით გერმანელი ფსიქოლოგი კრაფტ-ებინგი  ამ ავადმყოფობასმაზოხიზმსუწოდებს).
სადომაზოხიზმის მოვლენა დღეს უფრო გავრცელებულია ყოველდღიურ ცხოვრებაში, ვიდრე ჩვენ მიგვაჩნია. ამ მოვლანას ახასიათებს ქცევითი გამოვლენის დიდი მრავალფეროვნება. ასეთი გამოვლენის დიაპაზონი სოციალურად ადაპტირებული ადამიანების ფანტაზიებიდან სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების ინიციატორებამდე ვრცელდება. სადომაზოხიზმის გამოვლენას ეძახიან არა მხოლოდ ტკივილისა და ფიზიკური წამების, არამედ მორალური, ზნეობრივი, ფსიქოლოგიური განცდების მიღებსა და მიყენებისადი ლტოლვას. მიუხდავად იმისა, რომ სადომაზოხიზმის რეალიზაციაში სექსია ჩართული, მთავარი, რისი რეალიზაციაც ხდება მასში, არის ძალაუფლებისა და დაცვის მოთხოვნა. ძალზე რთულია სადომაზოხიზმის არაერთგვაროვანი სოციალური და კულტურული შეფასების პირობებში ფსიქიკური ნორმსა და პათოლოგი შორის საზღვრის გავლება. ეს თემა დღემდე იმყოფება  საკამათო და გადაუჭრელ საკითხთა შორის, (Захарова, Александра.  «Садомазохизм: проблема нормы и патологии» ).
ნიშანდობლივია ისიც, რომ ზახარ-მაზოხის ნაწარმოებებში წამყვან როლს ქალი თამაშობს, ეს ერთგვარი ვუალიზირებული მატრიარქატია, სადაც, ფინალის მიუხედავად, ქალი მთავარი და წამყვანი ფიგურაა. რა გასაკვირია, რომ ყველა პროტაგონისტის უკან დედის (ან ქალის) არქეტიპი დგას. ეს ის Magna Mater-ია, რომელიც იუნგთან გვხდება, დიდი დედა, გვიანდელი აბსტრაქცია, რომელიც გულისხმობს მაღალგანვითარებულ მოაზროვნე ცნობიერს. და მართლაც, კაცობრიობის ისტორიაში ჩვენ გვიან ვპოულობთ არქეტიპულ მდედრობით საყისს, რომელიც აღნიშნულია, როგორც Magna Mater. მაგრამ მას აყვანს ემდნენ ამ ტერმინის გაჩენამდე დიდი ხნით ადრე. ნოიმანი აღნიშნავს, რომ სიტყვათა შეთანხმებადედადადიადიარ არის კონცეფციების შერწყმა, არამედ ემოციურად დატვირთული სიმბოლოების შეთანხმება. „დედაამ შემთხვევაში აღნიშნავს არა მხოლოდ დედობას, არამედ რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობასაც, ასევე, ტერმინიდიადიდომინანტის სიმბოლისტურ ხასიათს წარმოადგენს, რომელიც გააჩნია არქეტიპულ ფიგურას ყველა დანარჩენ ადამიისგან და ბუნებასგან განსხვავაებით“(Нойманн, Эрих. « Великая Мать», 3).
ამ არქეტიპის უმნიშვნელოვანესი თვისება, რომელიც სამომავლოდ უნდა გავითვალისწინოთ, არის ის, რომ ეს არქეტიპი აერთიანებს პოზიტიურ და ნეგატიურ ატრიბუტებს ან ატრიბუტთა ჯგუფებს. წინააღმდეგობათა ერთიანობა თავდაპირველ არქეტიპში, მისი ამბივალენტობა, არაცნობიერის საწყის მდგომარეობას ახასიათებს, რომელიც ცნობიერმა ჯერ კიდევ არ დყო თავის ანტითეზებად. ადრეული ადამიანი განიცდიდა ამ ერთობას სიკეთისა და ბოროტების; მაშინ, როდესაც ცნობიერის განვითარებასთან ერთად კეთილ და ბოროტ ქალღმერთებს ხშირად ეთაყვანებოდნენ, როგორც სხვადასხვა არსებას.
ერიხ ნოიმანი ამბობს: „თავდაპირველი არქეტიპი შესაბამისობაში მოდის ცნობიერებასთან და ეგოსთან, რომლებსაც ჯერ კიდევ არ აქვთ დიფერენციაციის უნარი. რაც უფრო მეტი საწინააღმდეგო შეერწყმევა მასში, მით უფრო ჩახლართული და დამანგრეველი მისი გამოხატულება. არქეტიპში ეერთებული ურთიერთსაინააღმდეგო მოტივებისა და სიმბოლოების ასეთი რაოდენობის გამო, მისი ბუნებით ის არის პარადოქსული: შეუძლებელია მისი წარმოდგენა და ვიზუალიზაცია“ (Нойманн, Эрих. « Великая Мать», 3).
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ძლევამოსილი, სასტიკი, ხშირ შემთხვევაში საცოდავი ქალი - მაზოხის პროტაგონისტი - ეს ის დიდი დედაა, რომელიც ყველა ქალში იმალება. მასში თავდაპირველი ამბივალენტობა ნიშანდობლივ თვისებებს იძენს, ის წარსდგება მამაკაცის წინაშე ჰეტერად, პატრონად, თავისი თავდაპირველი მატრიარქატული ძალაუფლების სრულ სილამაზეში. მაზოხის გმირებისთვის საერთო დამახასითებელი თვისება - მრგვალი, მუსკულატურული ფორმები, ქედმაღლობა, ცნობილი სისასტიკე, რომელიც ვლინდება სინაზეშიც და მეამიტობაშიც. აღმოსავლელ კურტიზანი, მრისხანე დედოფალი, უნგრელი ან პოლონელი რევოლუციონერი, მოსამსახურე, გლეხი, ყინულივით ცივი ვიზიტიონერი, ახალგაზრდა გოგო კარგი ოჯახიდან - ყველას გააჩნია ეს საერთო თვისებები.  „თავადი თუ გლეხი, კარგად ჩაცმული თუ ღარიბულად,  -  ეს ქალი ბეწვებში და მათრახით, ყოველთვის იმონებს მამაკაცს, ის არის ერთდროულად ჩემი ქმნილება და ჭეშმარიტი სარმატული ქალი (ДелезЖиль.  «Представление Захер-Мазоха (Холодное и Жестокое), Москва, РИК «Культура», 1992, გვ. 224).
მაგრამ, თუ კარგად დავაკვირდებით მაზოხის ქალ პროტაგონისტებს, დავინახავთ, რომ ამ მოჩვენებით ერთფეროვნებაში იკვეთება სამი სხვადასხვა ტიპი, რომლებსაც მწერალი სხვადასხვაგვარდა ექცევა.
პირველი ტიპი წარმართი ქალია, ბერძენი, ჰეტერა ან აფროდიტე, უწესრიგობის შემქმნელი. ეს არის თავდაპირველი, პირველყოფილი ქალის არქეტიპი. ის ცხოვრობს, მისი სიტყვებიდან გამომდინარე, სიყვარულისთვის და სილამაზისთვის, ცხოვრობს ერთი წამით. მგრძნობიარეს, მას უყვარს ის, ვინც მოსწონს და ეკუთვნის მას, ვისაც ის უყვარს. ის საუბრობს ქალის დამოუკიდებლობასა და სექსუალური კავშირების წარმომავლობაზე. ის იბრძვის ქალისა და მამაკაცის თანასწორობისთვის: ის ჰერმაფროდიტია; ქვეცნობიერად ქალი-ჰეტერა ცდილობს დაბრუნდეს იმ დროში, როდესაც ის არ ითვლებოდასუსტ სქესად“, როდესაც მამაკაცზე მაღლა იდგა. ზუსტად აფროდიტე, ქალური საწყისი იმარჯვებს მასში -  ამით ომფალეს ამსგავსებს და ქალის კაბაში აცმევს ჰერაკლეს. რადგან თანასწორობა მას წარმოუდგენია კრიტიკულ წერტილად, სადაც ძალაუფლება მის მხარეს გადადის: „მამაკაცი ძრწის მაშინ, როდესაც ქალი მასთან უფლებებში თანასწორდება (Делез,  Жиль.  «Представление Захер-Мазоха (Холодное и Жестокое), Москва, РИК «Культура», 1992, გვ. 225). ქალის თანამედროვე განსახიერებაში, - ქორწინებაში, ზნეობრიობაში, ეკლესიაში და სალმწიფოში, - ის ამხელს მამაკაცის არსებას, რომელიც, მისი აზრით, უნდა განადგურდეს. ეს ის ქალია, რომელიცვენერისდასაწყისში სიზმარში ჩნდება. ეს მისი მრავალსიტყვიანი აღსარება ჟღერსგანქორწილებულისდასაწყისში. „სირენოზშიის ზინობიის სახით წარსდგება, „ამაღელვებელი და ძალაუფლებიანი“, პატრიარქალური ოჯახის საოცარი საძირკველი, რომელიც სახლში მცხოვრებთა მდედრობით ნაწილს ძალაუფლების სურვილს შთააგონებს, ამონებს მამას, თმას უჭრის შვილს და ცვლის ყველას და ყველაფერს.
სხვა უკიდურესობა, მესამე ტიპი - სადისტი, მას მოსწონს სხვისი წვალება. მაგრამ ნიშანდობლივია ის, რომ ასეთი ქალი მოქმედებს მხოლოდ ისეთ კაცთან ურთიერთკავშირში, რომლის მსხვერპლი შეიძლება თვითონ გახდეს. ეს ის ოიდიპოსის დედის არქეტიპია, რომელიც ცხოვრების ბოლოს, უცაბედად, თავს დაადგება მას ყველა ჩადენილი ცოდვისთვის. ყველაფერი ისე ვითარდება, როგორც მოხდებოდა ბერძენ ქალს რომ ეპოვნა თავისი ბერძენი კაცი, თავისი აპოლონური ელემენტი, მამაკაცური, სადისტური ცდუნება. მაზოხი ხშირად საუბრობს იმაზე, თუ ვინ მიაჩნია ბერძენ კაცად, აპოლონად - ვინ აიძულებს ქალს სადისტურად მოიქცეს. „ახალგაზრდობის წყაროშიელისაბეთ ნადაშდი აწვალებს ახალგაზრდებს თავისი საუვარლის, მრისხანე იპოლკარის წინაშე, რაღაც მექანიზმის მეშვეობით (მაზოხის ნამუშევრებში მექანიზმები იშვიათად ჩნდება,  თუმცა ნახსენებია რაღაცა, რასაც რკინის ქალიშვილი ქვია, მის კალთაში აღმოჩნდებოდა ხოლმე მიბმული ახალგაზრდა დაუსულო ლააზმანი იწყებდა თავის სამუშაოს, ასობით სამართებელი გამოდიოდა მისი მკერდიდან, ხელებიდა, ფეხებიდან, ტერფებიდან...“). (Делез,  Жиль.  «Представление Захер-Мазоха (Холодное и Жестокое), Москва, РИК «Культура», 1992, გვ. 224-226). „ვენერასანტაგონისტს, ვანდას, თავდაპირველად საკუთარი თავი ბერძენ ქალად მიაჩნია, მაგრამ საბოლოო ჯამში ის სადისტად წარდგება. მართლაც, რომანის დასაწყისში ის სიზმრის ქალის ტოლია, ის - ჰერმაფროდიტია. მის მოხდენილ, დახვეწილ საუბარში ვანდა ამბობს: „ჩემთვის ელინების მგრძნობიარობა - სიხარული წამების გარეშე - იდეალია, რომლის განხორციელებისათვის ვიბრძვი. იმიტომ, რომ მე არ მწამს იმ სიყვარულის, რომელსაც ქრისტიანობა ქადაგებს, რომელზეც საუბრობენ თანამედროვე ადამიანები, ეს სულის რაინდები. დიახ, შემომხედეთ - მე ერეტიკოსზე უარესი ვარ; მე ვარ წარმართი.“ „ყველა მცდელობა შემოიტანო რამე მუდმივი და უცვლელი ყველაზე ცვალებადში, რაც კი არსებობს ადამიანის ყოფნაში - სიყვარულში, - წმინდა რიტუალებით, ფიცით და შეთანხმებით - თავიდანვე განწირული იყო მარცხისათვის. ნუთუ უარყოფთ, რომ ჩვენი ქრისტიანული სამყარო იხრწნება?“ მაგრამ რომანის ბოლოს ის მოქმედებს, როგორც სადისტი. ბერძენი კაცის ზეგავლენის გამო, ვანდა აიძულებს მას სცემოს სევერინი მათრახით: „მე ვკვდებოდი სირცხვილისგან და სასოწარკვეთილებისგან. - და რაც ყველაზე სამარცხვინოა: პირველად მე ვიგრძენი რაღაც ფანტასტიური, ზემგრძნობიარე სიამოვნება ჩემს დამამცირებელ მდგომარეობაში - აპოლონის მათრახის და ვენერას სიცილის ქვეშ. - მაგრამ აპოლონი ყოველი დარტყმით დევნიდაა ჩემგან ამ პოეზიას, მანამ, სანამ მე არ დავწყევლე საკუთარი თავი, ჩემი ფანტაზია, ქალი და სიყვარული.“ ცნობილ ფრანგ ფილოსოფოსს ჟილ დელეზს მიაჩნია, რომ, რომანი, ამგვარდად, მთავრდება სადიზმისკენ მიბრუნებით: ვანდა სასტიკ ბერძენთან ერთად გარბის ახალ სისასტიკესთან შესახვედრად, მაშინ როდესაც სევერინი თვითონ სადისტი ხდება, ან, მისი განმარტებით, „ურო“(Делез,  Жиль.  «Представление Захер-Мазоха (Холодное и Жестокое), Москва, РИК «Культура», 1992, გვ. 227).
თუმცა, გასაგებია, რომ არც ქალი-ჰერმაფროდიტი, არც ქალი-სადისტი არ არის მაზოხის იდეალი,განქორწინებულშიეგალიტარისტი-წარმართი კი - პროტაგონისტი, არამედ პროტაგონსტის მეგობარი; და ეს ორი მეგობარი, მაზოხის თქმით, წარმოადგენენ ორ საწინააღმდეგოს. ძალაუფლების მოყვარული ზინოვია - ჰეტერა, რომელიც ყველაგნ ქმნის ქაოსს - საბოლოოდ დამარცხებული წარდგება ახალგაზრა ნატალის მიერ, ისიც ძალაუფლების მოყვარული, მაგრამ სულ სხვა ტიპის. დრაგომირას ერთის მხრივ არ გააჩნია სადისტური ტემპერამენტი; მეორე მხრივ სოლტიკთან კავშირის შემდეგ ის მარცხდება, კარგავს არსებობის უფლებას და, საბოლოო ჯამში, აძლევს ახალგაზრდა ანიტას მისი მოკვლის საშუალებას, რომელიც წარმოადგენს ისეთი ქალის ტიპს, რომელიც უფრო შეესაბამება მაზოხის იდეალს. „ვენერაშიკარგად ჩანს, რომ ყველაფერი იწყება ჰეტერას თემით და მთავრდება მაზოხიზმით, რაღაც მნიშვნელოვანი ხდება ამ ორს შორის, რაღაც სხვა სტიქიაში. სინამდვილეში ეს ორი თემა გამოხატავს არა მაზოხისტურ იდეალს, არამედ უფრო იმ საზღვრებს, რომელთა შორის თავსდება ეს იდეალი. შესაბამისად ისინი წარმოადგენენ სამყაროს, სადაც მაზოხიზმს ჯერ კიდევ არ დაუწყია თავისი თამაში და სამყაროს, რომლის შემდეგ მაზოხიზმი კარგავს არსებობის უფლებას. ამის გარდა, თვით ქალი-ჯალათის თვალსაზრისი, ეს გარეგნული საზღვრები გამოხატავენ შიშის, ზიზღისა და ლტოლვის ნაზავს, რომელიც ნიშნავის იმას, რომ პროტაგონისტი არასდროს არის დარწმუნებული მის შესაძლებლობაში ყოველთვის ითამაშოს მისთვის განკუთვნილი მაზოხისტური როლი და აქვს წინათგრძნობა, რომ ნებისმიერ მომენტში მას ემუქრება საფრთე ჩავარდეს პირველყოფილ ჰეტერიზმში ან გაითქვიფოს უკანასნელ სადიზმში. ასე, დელეზის აზრით,  „განქორწინებულშიანა თავს აცხადებს ურჩ ქალად - ჰეტერას კაპრიზი - იმისთვის, რომ მიუახლოვდეს იულიანეს იდეალს. ვანდავენერაშისადისტი ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ აღარ შეუძლია ითამაშოს სევერენის მიერ თავზე მოხვეული როლი. („თქვენ თვითონ მოკალით ჩემი გრძნობა თქვენი ფანტასტიკური ერთგულობით, თქვენი გიჟური ვნებით...“).  (Делез,  Жиль.  «Представление Захер-Мазоха (Холодное и Жестокое), Москва, РИК «Культура», 1992, გვ. 228)
თუმცა, აქ ჩვენ შეგვიძლია შევეწინააღმდეგოთ დელეჟს. სრულიად შესაძლებელია, რომ ვანდა სადისტის როლს ირჩევს არა მხოლოდ იმიტომ, რომ მას ბეზრდება სევერენის ზედმეტი ერთგულება და სიყვარული, არამედ ზუსტად იმიტომ, რომ ბერძენ კაცთან შერწყმაში მასში იღვიძებს ჰეტერული, პირველყოფილი წარმართი ქალის არქეტიპი. ძალაუფლება მამაკაცზე, ერთი საფეხურით მაღლა ასვლა ნელნელა მიდის იქამდე, რომ ვანდა ძალაუნებულად ოიდიპოსის დედის განსახიერებად იქცევა - მაზოხისტი ქალი, რომელიც ტანჯავს და თვითონ იტანჯება, არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ უფრო მეტად მორალურად და ზნეობრივად.
ზახერმა გვაჩვენა ორი უკიდურესობა, რომელშიც შეიძლება გადაექცეს ამბივალენტური დიდი დედის არქეტიპი. მაგრამ  როგორია ამ ორ უკიდურესობას  შორის მაზოქისტური სტიქია, სადაც ვითარდება ყველაზე მნიშვნელოვანი? რომელია მეორე ტიპი ჰეტერასა და სადისტს შორის? იმისთვის რომ მივიღოთ ეს ფანტასტიური, ან ვიტყოდით ფანტასმატიკური პორტრეტი, საჭიროა, თვალი გადავავლოთ მაზოხის ყველა ნაწერს. ერთ-ერთ მოთხრობაშისიმახინჯის ესტეთიკაშიმაზოხი შემდეგნაირად აღწერს ოჯახის დედას: „ტანადი ქალი მკაცრი ნაკვთებით და მუქი, მაგრამ ცივი თვალებით“; ის ზრდის უამრავ ბავშვს. „მარჩაშიაეთი ქალი გვხდება: „ინდიელივით ან თათარივით მონღოლური ველიდან, მარჩას გააჩნდა ველური კატის სასტიკი ინსტინქტები“. „უცნაური მიდრეკილებების მიუხედავად, ამ გოგოში არ იყო არც სისასტიკე, არც პათოლოგია; პირიქით, ის იყო კვიანი და მორიდებული, და თავს მოაჩვენებდა ნაზად და მგრძნობიარედ, თითქმის სენტიმენტალურად“, - ამბობს მაზოხი ლოლაზე, რომელსაც ცხოველების წამება უყვარდა და მთელი გულით სურდა სიკვდილით დასჯა ენახა. ასეთია მაზოხის იდეალი: ცივი, დედობრივი, სასტიკი, სენტიმენტალური.
უდავო ფაქტია ის, რომ ზახერ-მაზოხი კითხულობდა თავის თანამედროვეს, დიდ ეთნოლოგს ბაჰოვენს. დელეზი ამბობს: „სხვა რა თუ არა ბაჰოვენის კითხამ, ჰეგელის კითხვასთან ერთად, შტააგონა მწერალს სიზმარი, რომლითაც იწყებავენერა“?“ არ შეგვიძლია არ დავეთანხმოთ, რადგან თუ თვალს გადავავლებთ ბაჰოვენის ნაშრომებს, ჩვენ შეგვხდება განვითარების სამი სტადია, რომელიც მაზოხისთვის არ უნდა ყოფილიყო უცხო. პირველი სტადია - ჰეტერული, აფროდიტესეული სტადია, რომელიც იწყება ქაოსში და მას ახასიათებს ქალის უწესრიგო ურთიერთობები მამაკაცებთან. ეს ზუსტად ის დიდი დედის არქეტიპის გამოვლენა, ჰეტერული დედის არქეტიპი, რომელიც ზემოთ ვახსენეთ. იმ სტადიაზე ქალის პრინციპი უზენაესი იყო და მამაკაცი, ანმამაარისარავინ“. მეორე საფეხური, დემეტრაისეული, ბანჰოვენთან იწყება ამაზონიელების საზოგადოებაში. აქ მამა ან მამაკაცი იძენს რაღაც სტატუსს - მაგრამ ქალის პატრონობის ქვეშ. ეს სტადია შეიძლება დავუკავშიროთ ოიდიპოსის დედას - სადისტს, დომინანტი ქალის არქეტიპს, რომელსაც შეუძლია მკაცრად დასაჯოს კაცი, „მამადა მიიღოს ამისგან სიამოვნება. ამ შემთხვევაში, სიამოვნება წარმოიშვება არა მხოლოდ ფიზიკური დასჯისგან, არამედ საკუთარი დომინირების გააზრებისგანაც. საბოლოოდ პატრიარქალური, ან აპოლონური სისტემის დრო დგება. ამ ეტაპზე მატრიარქატი გადაჯიშდება რაღაც დამახინჯებულ ამაზონურ ან დიონისურ ფორმებში. განვითარების ამ სამ სტადიაში ადილად შეიძლება ამოვიცნოთ მაზოხის სამი ქალის არქეტიპი: პირველი და მესამე მწერლის მიერ წარმოდგენილია, როგორც საზღვრები, რომელთა შორის იმყოფება მეორე ტიპი. ფანატიზმი აქ იძენს იმას, რაც მას ასე სჭირდებოდა: თეორიულ, იდეოლოგიურ სტრუქტურას. როდესაც მაზოხი განსაზღვრავდა რომანის სტრუქტურას, ის წერდა, რომ მიდისფიგურიდან“ „პრობლემამდედა არა პირიქით, მიდიოდა ფანატიზმიდან იმ თეორიულ სტრუქტურამდე, რომლის ფარგლებშიც არსებობს პრობლემა.
მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს, თუ როგორ ხდება გადასვლა ბერძნული იდეალიდან მაზოხისტური იდეალისკენ. დელეზი გამოთქვამს მოსაზრებას: „ნათელია, რომ გამყინვარების კატასტროფიდან, რომელიც ხსნის როგორც მგრძნობიარობის გაქრობას, ასევე სისასტიკის გაჩენას“. (Делез,  Жиль.  «Представление Захер-Мазоха (Холодное и Жестокое), Москва, РИК «Культура», 1992, გვ. 231).  მართლაც, ნიშანდობლივია ბეწვის როლი მაზოხისტურ ფანატზიმში: „უფრო გაცივების შიშისგან, ვიდრე სირცხვილისგან...“.  „ვენერა აბსტრაქტულ ჩრდილოეთში, მყინვარე ქრისტიანულ სამყაროში იძულებულია დაიფაროს ბეჭვი, რომ არ გაცივდეს.“ „მარმარილოს ტანი“, „ქვის ქალი“, „ყინულის ვენერა“ - ყველაფერი ეს მაზოხის საყვარელი გამონათქვამებია. ქალი სიზმრიდანვენერასდასაწყისში გამოთქვამს ნოსტალგიას ბერძნულ სამყაროზე: „ის სიყვარული, რომელიც არის უზენაესი სიხარული, ღვთიური მხიარულება, არ ვარგა თქვენთვის, რეფლექსიის ბავშვებისთვის. როგორც კი თქვენ მოისურვებთ ბუნებრივები იყოთ, თქვენ გარყვნილები ხებით. დაე, დარჩით თქვენს ჩრილოეთის ნისლში, ქრისტიანული სარკვემლის კვამლში, დაგვტოვეთ ჩვენ, წარმართები, ქვის და ლავის ქვეშ, არ ამოგვთხაროთ, თქვენთვის არ იყო აშენებული პომპეი, თქვენთვის არაა ჩვენი ვილები, აბანოები, ტაძრები. თქვენ არ გჭირდებათ ღმერთები! ჩვენ ვიყინებით თქვენს სამყაროში!“ (Захер-Мазох, Леопольд Фон, «Венера в мехах», Москва, РИК «Культура», 1992, გვ. 18)
 ეს მონოლოგი გამოხატავს ყველაზე მნიშვნელოვანს: გამყინვარებამ გაყინა ბერძნული სამყარო და შეუძლებელი გახადა ერძენი ქალის არსებობა. ამ ცივ სამყაროში ქალური მგრძნობიარობა და სისასტიკე უბიძგებენ მამაკაცს რეფლექსიისკენ და შეადგენენ მაზოხიზმის იდეალს. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მაზოხისტური იდეალის სისასტიკე უთმობს პირველყოფილი ქალის არქეტიპის სისასტიკეს. მაზოხისტური ქალის არქეტიპი, მართლაც, ყოველთვის თეატრალიზირებული ჩანს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ განცდა, ვნება ან წამება ცრუ ან ადვილია. მაზოხისტი ქალის არქეტიპი, მეტიც, ქალის არქეტიპის, ქალი-ჯალათის არქეტიპის რაღაც განსაკუთრებული ფორმაა, სადაც იდეალურია ერთმანეთს ერწყმის გამყინვარება და იდეალიზაცია.
ამგვარად, მაზოხის სამი ქალი შეესაბამება დიდი დედის ამბივალენტური არქეტიპის  სამ ძირითად გამოვლენას: პირველყოფილი, ჰეტერული, სოროებისა და ჭაობების დედა; ოიდიპოსის დედა, სატრფოს სახე, ის, ვინც უნდა შევიდეს ურთიერთობაში სადისტურ მამასთან, მისი თანამონაწილე ან მსხვერპლი. და ამ ორს შორის - ორალური დედა, ველების დედა, უდიდესი მკვებავი დედა, და ის, ვისაც სიკვდილი მოაქვს. ეს მეორე დედა, ასევე შეიძლება უკანასკნელი გახდეს, რადგან მისია უკანასკნელი სიტყვა. უკანასკნელი დედა, ზუსტად ასე წარმოადგინა ეს არქეტიპი ფროიდმათვით დედა, შემდეგ სატრფო, რომელსაც ის {მამაკაცი} ირჩევს დედის მსგავსად, და, საბოლოოდ, დედა-მიწა, რომელიც ისევ მიიღებს მას უკან...მხოლოდ მესამე მარადიული ქალებიდან მდუმარე სიკვდილის ქალღმერთი მიიღებს მას უკან“. (Делез, Жиль. «Представление Захер-Мазоха (Холодное и Жестокое), Москва, РИК «Культура», 1992, გვ.234) მაგრამ მისი ნამდვილი ადგილი სხვა ორს შორისაა, თუმცა ისინი ერთმანეთს ენაცვლებიან. აქედან გამომდინარე ჩვენ ვეთნხმებით ბერგლერის თეზისს: „თვით მაზოხისტური სტიქიაა ორალური დედა: სიცივის იდეალი, ზრუნვისა და სიკვდილის, პირველყოფილი დედასა და ოიდიპოსის დედის შორის“. (Делез, Жиль. «Представление Захер-Мазоха (Холодное и Жестокое), Москва, РИК «Культура», 1992, გვ.234)
როგორც ჩვენ ვნახეთ, ქალი, დედა, დედის არქეტიპი ზახერ-მაზოხის პროზის მთავარი ფიგურაა და თვით დედის არქეტიპზეა აგებული მისი მაზოხიზმის კონცეფცია. მით უფრო მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის ამის დადგენა, რადგან წლების განმავლობაში ფსიქოანალიტიკოსების უმრავლესობა ყველანაირად ცდილობს იპოვოს მამის სახე, მამის არქეტიპი, რომელიც მაზოხისზმის საწყის წერტილად ჩაითვლება. მაგრამ შეუძლებელია ჯალათი ქალის ნიღბის ქვეშ მამის არქეტიპის არსებობა, რადგან დიდი დედის არქეტიპი ერთ-ერთი უძველესია და მოდის იმ დროდან, როდესაც მამის არქეტიპი, როგორც ასეთი, ჯერ კიდევ არ არსებობდა.

 1.      Делез,  Жиль.  «Представление Захер-Мазоха (Холодное и Жестокое), Москва, РИК «Культура», 1992
2.      Захарова, Александра.  «Садомазохизм: проблема нормы и патологии» (http://vitaportal.ru/seks-i-otnosheniya/sadomazohizm-problema-normy-i-patologii.html)
3.      Нойманн, Эрих. « Великая Мать» (http://castalia.ru/posledovateli-yunga-perevody/731-erih-noymann-velikaya-mat-glava-pervaya-struktura-arhetipa.html)
4.      Литературная энциклопедия  http://dic.academic.ru/contents.nsf/enc_literature/
y
  თამარ ხიტირი, "ენა და ლიტერატურა", 2014




No comments:

Post a Comment